პარლამენტმა შრომის რეფორმა დაამტკიცა

პარლამენტის პლენარულ სესიაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღეს. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა. 

ცვლილებები შეეხება შრომის კოდექსს, ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. 

კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებით, შეიქმნება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ი, შრომის ინსპექციის სამსახური. 

შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო სივრცეში, ნებისმიერ სამუშაო ადგილას, გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომ არსებობს იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა. 

  • მოითხოვოს საჭირო ვადით სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის ან ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სამუშაო ინსპექტირების განსახორციელებლად.
  • მოითხოვოს ნებისმიერი მასალა ან ნივთიერება, გადაიღოს ფოტო და ვიდეო. აზომოს ტერიტორია. 
  • გამოკითხოს სამუშაო ადგილას მყოფი ნებისმიერი პირი.
  • მოსთხოვოს ნებისმიერი ნივთის ან დოკუმენტის გადაცემა და სხვა.  

კანონპროექტის მიზანი შრომის უსაფრთხოების და უფლებების დაცვაა.

განმარტებითი ბარათში წერია: 

“ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეგიდით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები შრომის უფლებების დარღვევას, სხვა უფლებებს შორის, ყველაზე ხშირად უჩივიან”.

კანონპროექტის ავტორი დამოუკიდებელი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიაშვილია. მასთან ერთად ინიციატორები არიან თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და ქართული ოცნების წევრები: სოფო კილაძე, დავით მათიკაშვილი, ირაკლი კობახიძე და რატი იონათამიშვილი.