პარლამენტში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტზე  იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორთან  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტზე  იმსჯელეს. საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი გარემოზე ზიანის მიყენების პრევენცია და სამართლებრივი რეგულირებაა. 

კანონპროექტი ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, საწარმოებისთვის ჯარიმების ოდენობა 10 000 ლარიდან 50 000 ლარამდე განისაზღვრება. 

რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები ტვ4-თან საუბრის დროს აღნიშნავენ,  რომ მოლოდინი კანონპროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, პოზიტიურია. მესამე სექტორის წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ მზად არიან, პარლამენტში კანონპროექტის განხილვის ყველა ეტაპს დაესწრონ.  შეგახსენებთ, რომ  „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მთავრობამ ივლისის თვეში მოიწონა, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს გადაეცა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ კანონპროექტი ამ მოწვევის პარლამენტმა განიხილოს.