მუნიციპალური განვითარების ფონდი ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების სამუშაოებს ახორციელებს.პროექტს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით,პროექტის ფარგლებში, დასრულდა ურეკის ბულვარის რეაბილიტაციის პირველი ფაზა, რაც ითვალისწინებდა გარე განათების, ველო-ბილიკებისა და მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის, საპირფარეშოების მშენებლობას.
ასევე, დასრულებულია ბულვარის პარალელურ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების მონტაჟი.
,,ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს ურეკის ბულვარის მოწყობის სამუშაოებს. სამწუხაროდ, კონტრაქტორი სათანადოდ ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს და ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია მისთვის მითითების მიცემა. დღესაც ჩვენ ვიმყოფებით მონიტორინგზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს რომ პირველი ფაზით განსაზღვრული სამუშაოები მეტნაკლებად დასრულებულია, თუმცა ხარისხობრივად კმაყოფილი ნამდვილად ვერ დავრჩით. შესაბამისად, ჩვენი დამატებითი ჯგუფი კიდევ შეისწავლის ამ ობიექტს, მიეცემა საბოლოო გაფრთხილება და თუ უახლოეს პერიოდში არ მოხდება აღნიშნული დეფექტების გამოსწორება, მაშინ იძულებული ვიქნებით მივმართოთ შესაბამის სანქციებს“- აღნიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ,რომელიც სამუშაოების შესრულების პროცესს ადგილზე გაეცნო.