პირველ ოქტომბერს ქალაქების ნაწილში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება, თუმცა სხვადასხვა პრინციპით.
კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებში სწავლა აღდგება მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის. ფოთსა და გორში კი ყველასთვის, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. რაც შეეხება აჭარის რეგიონს სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დეტალურად ამის შესახებ განათლების მინისტრი ისაუბრებს.
ამასთან, დღესვე განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ პირველი ოქტომბრიდან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, აჭარის გარდა ყველგან, სპეციალურ ოთახებში მასწავლებლებთან შეხვედრა დაიშვება.
“ეს იქნება ერთი-ერთზე შეხვედრები, იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები შეათანხმებენ მშობლებთან”, — განაცხადა მან.