მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი ბაღების გახსნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში გაცილებით მეტი რისკია და მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.
“ამ საკითხზე დღესაც გაიმართა მსჯელობა, უბრალოდ, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვაგრძელებთ ამ საკითხზე მსჯელობას, დღის წესრიგიდან ეს საკითხი მოხსნილი არ არის. უბრალოდ, იქ გაცილებით მეტი რისკებია, ამ რისკებს ვითვალისწინებთ.
გასაგებია, რომ მშობლებს აქვთ გარკვეული ობიექტური წუხული არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა, დღის წესრიგში ეს საკითხი დგას.
მე იმედი მაქვს, რომ უკვე მომდევნო, უახლოეს საბჭოს სხდომებზე გვექნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.” – ამბობს მეზვრიშვილი
დღეს, 24 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეების ნაწილი სწავლას საკლასო ოთახში განაგრძობს. გადაწყვეტილება ოთხ ქალაქს – თბილისს, რუსთავს, ზუგდიდსა და ქუთაისს ეხება. რაც შეეხება ფოთსა და გორს, აქ გადაწყვეტილება ყველა კლასის მოსწავლეს შეეხება.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საბავშვო ბაღები. ასევე, უცნობია, როდის განახლდება სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში.