როდის განიხილავს პარლამენტი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტს ?!

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნა. 

Tv4 დაინტერესდა, როდის განიხილავს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტს.

როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე ფულად ჯარიმებს აწესებს ბიუროს სხდომაზე მოხდა.  „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი  ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და – „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება .

კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია,შესაბამისად, პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად,  საკომიტეტო მოსმენები  სავარაუდოდ, 4 სექტემბრიდან დაიწყება, ხოლო პლენარულ სხდომაზე განხილვა 16 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. 

კანონპროექტზე  საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი იქნება. 

კანონპროექტის გათვალისწინებით, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა – 5 000-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს, დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა – 5 000 ლარს, ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა – 10 000-დან 20 000 ლარამდე, გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა – 20 000-დან 40 000 ლარამდე.

ამასთან, ჯარიმები იქნება განსაზღვრული ამ კანონით გათვალისწინებული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ვალდებულების შეუსრულებლობაზეც. ამ ქმედებისთვისთვის ჯარიმა 5 000-დან 10 000 ლარამდე წესდება.

ცვლილებებით ასევე, ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის მოთხოვნების შეუსრულებლობა – 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმის ან განსახორციელებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა – 20 000-დან 40 000 ლარამდე, გარემოზე ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის გამასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების შეუსრულებლობა კი, გამოიწვევს – 40 000-დან 80 000 ლარამდე ჯარიმას.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი რისკის ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე – 10 000 ლარის ოდენობით.