წელს ნაყიდი გვაქვს 135 ათასი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ფრანგული წარმოების ვაქცინების პირველი პარტია საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში შემოვა.
„ჩვენ გრიპის ვაქცინაციას ვიწყებთ ხოლმე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში. ჩვენ ადამიანებს ვცრიდით იანვარშიც და თებერვალშიც. მოგეხსენებათ, გრიპთან დაკავშირებით ყველაზე მაღალ რისკ ჯგუფში შედიან ორსული ქალბატონები, ამიტომ იმის მიხედვით, ქალბატონი როდის დაორსულდება, შეიძლება, ის მთელი სეზონის განმავლობაში აიცრას. მოგეხსენებათ, არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს ყველა ადამიანის გრიპის მანდატორულ ვაქცინაციას, მაგალითად, როგორც წითელაზე იცრებიან ადამიანები.
წელს ნაყიდი გვაქვს 135 ათასი, რომლის პირველი პარტია, ჩემი ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში უნდა შემოვიდეს. ნაყიდი გვაქვს ფრანგული წარმოების ვაქცინა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, იმუნიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ისაზღვრება, ვინ უნდა იყვნენ რისკ ჯგუფები. ესენი არიან ორსულები, ჩემი კოლეგები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშები თუ მოხუცები, დიაბეტით დაავადებულები და ა.შ.“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მოლოდინია, რომ წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაიზრდება. შესაბამისად, ვაქცინას კერძო სექტორიც შემოიტანს და მათი რაოდენობა, შესაძლოა გაორმაგდეს.