პარტიებისა და მათი კანდიდატების პოლიტიკური რეკლამის ხარჯმა Facebook-ში ერთ თვეში ჯამში 123 190 დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტუდია მონიტორი ავრცელებს.
“ფეისბუქის” პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, Facebook-ში პოლიტიკური რეკლამის განთავსებისათვის ყველაზე დიდი თანხა, 42 586 დოლარი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელმა” გადაიხადა. მას 22 413 დოლარით “ევროპული საქართველო” მოჰყვება. მესამე ადგილზე კი “ქართული ოცნებაა, რომელმაც 4 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში Facebook-ში განთავსებულ რეკლამებში 19 318 დოლარი გადაიხადა.
ამავე სიაშია პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” 16 771 დოლარით და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 6 478 დოლარით. რაც შეეხება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” მან პოლიტიკური რეკლამებისათვის 1 615 დოლარი დახარჯა.
ინფორმაციისთვის, წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისათვის Facebook-მა საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაცია სავალდებულო გახადა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის ცნობილი გახდება, მაგალითად, ვინ “დაასპონსორა” კონკრეტული პოსტი.