რუსთავის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულაციები დამტკიცდა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს რუსთავის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულაციები დაამტკიცა.

ქალაქის შემოსასვლელი, ცენტრალური გამზირები, პოლიციის, ფოსტისა და მსხვილი სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორია- ეს ის ლოკაციებია, რომლებიც  პოლიტიკური სუბიექტებისთვის საარჩევნო – სააგიტაციო პლაკატების განთავსებისთვის ნებადართულ ადგილებად განისაზღვრა. დღესვე საკრებულომ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელზეც საარჩევნო მასალების განთავსება აკრძალულია.

წარმომადგენლობითმა ორგანომ გადაწყვეტილება საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად მიიღო. რეგულაციების ფარგლებში სააგიტაციო მასალების გამოკვრის მიზნით სტენდებისთვის 22 ლოკაცია განისაზღვრა.

მერიის აპარატის ხელმძღვანელის ნინო ნიკოლავას განცხადებით, გარდა იმ ჩამონათვალისა, რასაც კანონი ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტში სააგიტაციო მასალებისთვის აკრძალული დამატებითი ადგილებიც დამტკიცდა.

საარჩევნო მასალების განთავსების მონიტორინგს ქალაქის მასშტაბით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მერიის ზედამხედველობის სამსახური აწარმოებს. როგორც ზედამხედველობის სამსახურის იურისტმა მაია კიკალიშვილმა ტვ4-ს განუცხადა, სააგიტაციო მასალების უკანონო განთავსებისთვის პარტიამ “ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის” პირველ ჯერზე გაფრთხილება მიიღო. მისი თქმით, მერიის სამსახურის გაფრთხილებას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან რეაგირება არ მოჰქოლია, რის გამოც საქმე განსახილველად სასსამართლოს გადაეცა.