სამეგრელოში კორონავირუსი 14 სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 14 სკოლის მოსწავლეა.

ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

27 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 200 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა.

„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან ერთი ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, ერთი მარტვილელია, სამი არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, 15 არის ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. ეს მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდელი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან, სამი სკოლა, სადაც მათ შემხებლობა აქვთ, გადავა დისტანციურზე. ეს სკოლებია: რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ს შეადგენს“, –  განაცხადა მალხაზ თორიამ.

გარდა ამისა, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 69 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ოთხი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. საკარანტინო სივრცეში 173 ადამიანი იმყოფება.