რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს. აქციის მიზეზი ე.წ. ისთ-ფოინთის ლოტზე მგზავრობის ღირებულების 1.50 ლარიდან 1.80 ლარამდე გაიზრდა გახდა.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო ღონისძიებაზე წიწიბურა და მაკარონი მიიტანეს. მათი განცხადებით, ეს არის სიმბოლური ქმედება, ვინაიდან “ინტერტრანსი” აცხადებს, რომ კომპანიას უჭირს და მოგებას ვერ ნახულობს.
სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა, რომ მგზავრობის ფიქსირებული ღირებულება 1.50 ლარი შენარჩუნდეს, მიკროავტობუსებში შესაბამისი საინფორმაციო წარწერა იქნას გამოკრული და მძღოლებს კომპანიამ ყოველდღიური შენატანი დაუკლოს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გივი შანიძემ აღნიშნა, მგზავრობის ღირებულების ხელოვნურად ზრდა არის კანონდარღვევა კომპანიის მხრიდან, რადგან მას არც მერიისაგან და არც საკრებულოსგან შესაბამისი ნებართვა არ მიუღია. შანიძის თქმით, კომპანია “ინტერტრანსმა” მძღოლებისთვის ყოველდღიური შენატანი 25 ლარით გაზარდა.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე გიორგი ტყემალაძე აღნიშნავს, რომ მგზავრობის ღირებულებაზე ფასების ზრდა ვერ იქნება მხოლოდ მძღოლების თვითნებური გადაწყვეტილება. მისი თქმით, კომპანია “ინტერტრანსთან” შეთანხმების გარეშე მის ხაზზე დასაქმებული მძღოლები ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ.

სამოქალაქო აქტივისტი გოგა ჯმუხაძე “TV4-თან” საუბრის დროს აცხადებს, რომ მძღოლები მგზავრობის ღირებულების ზრდას კორონავირუსის პანდემიასა და მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებენ. მისი თქმით, მათ არაერთხელ ჰქონდათ მცდელობა, კომპანიის ადმინისტრაციისგან კომპეტენტური პასუხი მოესმინათ, თუმცა ამ შედეგს ვერ მიაღწიეს.









