სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსება ერთი წლით გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა ერთი წლით გაგრძელდება.  ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა,ბრიფინგზე განაცხადა. 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა 6-დან 12 თვემდე გავაგრძელოთ, ერთი წლით, რაც არის ერთადერთი შესაძლებლობა, დღეს ჩვენ სექტორს დავუდგეთ გვერდით, რადგან მოგეხსენებათ, მიუხედავას იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, ტურიზმის სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშაა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ სექტორს მივეხმაროთ“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს, 6 თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები, შესაძლებლობის  ფანჯარა გაიხსნება ერთი თვით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე.

„დამატებით ექვსი თვის კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, თუნდაც მას ჯერ არ მიუღია ამ კომპონენტში მონაწილეობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ