განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა პირბადეებით, დეზობარიერებით, შესაბამისი სითხეებით და თერმოსკრინინგის აპარატებით უზრუნველყოფილი იქნება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყველა სკოლას მიეცემა უფლება, თავისი საჭიროებებიდან და მოსწავლეების რაოდენობიდან გამომდინარე, თავად მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, მათ შორის, თავად განსაზღვრონ სწავლის დაწყების დრო და ცვლები.
“ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რასაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა იარონ სკოლაში”. – ამბობს ეკატერინე დგებუაძე.
მისივე თქმით, სკოლებს შეუძლიათ, შაბათი გამოიყენონ სასწავლო დღედ.
რეგულაციები და რეკომენდაციები შემდეგია.
- მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
- შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
- შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
- პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
- სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
- ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
- სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
- ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
- ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
- სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.