საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 917-ს შეადგენს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ათი პაციენტის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
„გუშინდელი მონაცემებით იყო 1830 შემთხვევა, დაგვემატა 87 ახალი შემთხვევა და გახდა 1917. 87 შემთხვევიდან 29 ბათუმის შემთხვევებია, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევებია, 12 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ხუთი შემთხვევა მოგზაურობის ისტორიითაა აჭარაში, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. სამი შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი, ათ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და ინფიცირებულების 71 % შეადგინა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 536 პაციენტი მკურნალობს, აქედან 17-ის მდგომარეობა მძიმე, ოთხის კი კრიტიკულია.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკას ერთი ახალი პაციენტი დაემატა და ამჟამად ინფექციურში კორონავირუსით 23 პირი მკურნალობს, მათგან ერთი კრიტიკულად მძიმე, ერთი კი მძიმე პაციენტია.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ია, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.