საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა

  სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში,  ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა.

  სააგენტოს ვეტერინარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს შინაური ბინადარი ცხოველების – ძაღლებისა და კატების უფასო ვაქცინაცია. რუსთავში უფასო აქცია მეგობრობის ქუჩაზე ჩატარდა. 

სააგენტოს  ცნობით,  ახალი კორონავირუსით (COVID-19) შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფისათვის დადგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

  ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 28 სექტემბერს აღინიშნება (28 სექტემბერი ცნობილი მიკრობიოლოგის, ცოფის ვაქცინის შემქმნელის ლუი პასტერის გარდაცვალების დღეა). მისი მიზანია ცხოველებში ცოფით დაავადების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა.

  საქართველო აღნიშნულ ინიციატივას 2013 წლიდან შეუერთდა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ყოველწლიურად აღინიშნება.

უწყების ცნობით, სააგენტოს ვეტერინარები ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებენ შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაციას; მოსახლეობას აწვდიან ინფორმაციას საშიში ინფექციური დაავადებისა და მისი პრევენციის შესახებ.

 ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს.

” ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ დაავადება 100%-იანი ლეტალობით სრულდება. ცოფთან ბრძოლის გლობალური ალიანსის მონაცემებით, ცოფისაგან ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ შინაური ცხოველების ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია, რათა დავიცვათ ადამიანებისა და მისი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლე.

☎️ ცხელი ხაზი: 1501″- ნათქვამია სეს-ის უნფორმაციაში