ფორსაჟის შემდეგ Universal Studios საქართველოში გადაღებით კვლავ დაინტერესდა

 Fast and Furious 9-ის, სცენების საქართველოში, მათ შორის რუსთავში,  გადაღების შემდეგ Universal Studios საქართველოში ფილმის წარმოებით კვლავ დაინტერესებულია. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 მათივე ინფორმაციით, ქვეყანას მალე გამოცდილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები ,  ილტ ჯონსი, ლორი ბარტონი და პიტერ გლუკი ესტუმრებიან.

მათ ისეთ ცნობილ და წარმატებულ ფილმებზე უმუშავიათ, როგორებიცაა: თვითმკვლელთა რაზმი, კაპიტანი მარველი, შავი პანტერა, რკინის კაცი, ტრანსფორმერები, ბნელი რაინდის აღზევება, Inception, მეფე ლომი, ერთხელ ჰოლივუდში, კარიბის ზღვის მეკობრეები, მისტერ და მისის სმიტი და სხვები.

 ამჯერად ლოკაციის მენეჯერები საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას გაეცნობიან და ქვეყნის მასშტაბით გადასაღებად საინტერესო ადგილებს მოინახულებენ.

TV4-ის ინფორმაციით, ლოკაციის მენეჯერები რუსთავს რამდენიმე დღეში ესტუმრებიან.  მათი ინტერესის ობიექტი, ამჯერად აზოტისა და მეტალუურგიის ტერიტორიებია. 

Universal Studios-ის წარმომადგენლები საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ტურის ფარგლებში ჩამოდიან, რომელიც 14-18 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, გადაიღე საქართველოში პროგრამის ფარგლებში სულ გაფორმებულია ხელშეკრულება 30 პროექტის განხორციელების თაობაზე, საიდანაც 22 პროექტი უკვე დასრულებულია. ხელშეკრულების მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა 94 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით კი ქვეყანაში 15 795 დროებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ეს ვიზიტი სააგენტოს აწარმოე საქართველოში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინოკლასტერის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

რაც შეეხება ფორსაჟს, რომლის ეპიზოდები, რუსთავშიც გადაიღეს,   კორონავირუსის პანდემიის გამო ფილმის პრემიერა ერთი წლით გადაიდო და ის კინოთეატრებში 2021 წლის 2 აპრილს გამოვა.