ქვემო ქართლში სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მინისტრს, რეგიონის მასშტაბით, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებული შედეგები გააცნო და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, კონკრეტული საჭიროებები განიხილა.

სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტშიც გაიმართა , სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან და ჟურნალისტებთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის ხელშემწყობი ფაქტორები.

„სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია, ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაფართოება, სახელმწიფო ენის შესწავლის დონის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება იყო ის მთავარი თემები, რომლებიც განვიხილეთ დღეს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის მათი მოსაზრებების და იდეების გაცნობა ამ ეტაპზე, როდესაც უკვე მიმდინარეობს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, ყურადღება მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაც მისივე განმარტებით უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და ახალი სტრატეგიის შემუშავებისთვის.

“თემატური და ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა არასამთავრობო სექტორთან, რომლებიც პრიორიტეტულად მუშაობენ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე. საჭიროებები რაზეც, კიდევ ერთხელ, ვიმსჯელეთ, ბუნებრივია, აისახება სამომავლო სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაში. იმედი მაქვს, რომ ერთობლივი თანამშრომლობით ძალიან დიდი პროგრესით ვივლით წინ ჩვენი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით“ – განაცხადა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა.