ქუთაისში დენის დარტყმის შედეგად ორი მუშა გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, გარდაცვლილები რკინიგზის თანამშრომლები არიან.
“საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები”, – წერია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.