შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული ნ.ა. და 1997 წელს დაბადებული რ.ს. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, ვარკეთილში მდებარე შპს “ივერიას” საბითუმო მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხნენ და იარაღის მუქარით დიდი ოდენობით თანხა გაიტაცეს.
სამართალდამცველებმა გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ,” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6 დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს