შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს. მათ შორის ოთხბალიანი შტორმის დროს – 23. გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია.

ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ – დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.