ცესკო – საარჩევნო უბნების გახსნა 40 ქვეყანაში იგეგმება

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ბრიფინგი გამართა. კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცახდებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  საარჩევნო უბნების გახსნა დაახლოებით 40 ქვეყანაში იგეგმება.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებაზე“,- განაცხადა  მიქელაძემ.

ცესკო-ს პრესსპიკერის განმარტებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ან  უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

„იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებგვერდის მეშვეობითაც შეუძლიათ.”,- აღნიშნა  ანა მიქელაძემ.

ცნობისთვის,  მიქელაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები შეიქმნება საზღვარგარეთ, ინფორმაცია საარჩევნო უბნების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.  საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფს, შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია ცესკო-ს ონლაინჩატის მეშვეობით.