საბავშვო ბაღები 15 სექტემბერს არ იხსნება, ვინაიდან ბაგა-ბაღების სკოლებთან ერთად გახსნა გარკვეულწილად სარისკო იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საჭიროა, რომ შემზღუდველი ღონისძიებები ეტაპობრივად მოიხსნას.
„საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ჩვენ რეკომენდაციები მოვამზადეთ და გამოვეცით. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ ეპიდემიის კონტროლის საშუალებას გვაძლევს, არის ეტაპობრივი გახსნა და ეტაპობრივი მოშვება შემზღუდავი ღონისძიებების. სკოლის გახსნა არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა და ამდენად, 15 სექტემბერს, როდესაც ჩვენ სკოლის გახსნას ვგეგმავთ, გარკვეული გარდამავალი პერიოდი გვჭირდება, ვიდრე შემდეგ დამატებით ღონისძიებას გავხსნით. ამ შემთხვევაში, საბავშვო ბაღები დარჩა ის დიდი თავშეყრის ადგილი, რომელიც ჯერჯერობით არის შეზღუდვის რეჟიმში. სჯობს, რომ უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის თქმით, დღეისათვის ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ ეტაპზე რეგულაციების თავიდან შემოღების საჭიროება არ არსებობს.
შეგახსნებთ, რომ სკოლებსა და ბაღებში მუშაობის პროტოკოლი უკვე დამტკიცდა და მას 1 ოქტომბრიდან აამოქმედდენ.