საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან რვა ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია, ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, შვიდი არის შემოტანილი, ოთხი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია და ეპიმდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„კორონავვირუსით დაინფიცირებული 20 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: რვა შემთხვევა დადასტურებულ ინფცირებულებთან კონტაქტია, ერთი არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, შვიდი შემოტანილია, მათგან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ოთხ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს წყაროს მოძიებისა და კონტაქტების დადგენის მიზნით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 1 279-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 185 მოქალაქე,  უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.