ფერმერი არასტანდარტულ ვაშლში 22 თეთრს მიიღებს

წელს ვაშლის დაახლოებით, სამჯერ მეტი მოსავალი გვექნება. ამიტომ ვაშლის სუბსიდირების პროგრამის საშუალებით, ნებისმიერი ფერმერი არასტანდარტულ ვაშლში 22 თეთრს მიიღებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  აღნიშნული კრიზისის პირობებში სერიოზული მხარდაჭერა იქნება.

 

„წელს საქართველოდან 23 ათას ტონაზე მეტი ატამი იყო ექსპორტირებული, რაც 10 000 ტონით აღემატება შარშანდელ მონაცემებს. როგორც ჩანს, წელსაც უხვი მოსავალი გვექნება. წელს ვაშლის დაახლოებით, სამჯერ მეტი მოსავალი გვექნება, რაც თითქმის 120 ათასი ტონაა.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისიტრო, „დანერგე მომავალის“ და სხვა პროგრამებით ყველაფერს აკეთებს, რათა განახლდეს და საქართველოში ევროპული სტანდარტის მრავალწლიანი ბაღები გაჩნდეს, ჯერ მაინც კიდევ ბევრია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი კილოგრამი მაინც დაუბინავებელი დარჩეს. ამიტომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, არ დარჩეს არცერთი ვაშლი შეუსყიდავი, რაც გულისხმობს სუბსიდირებას. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, კილოგრამი ვაშლის ფასი იქნებოდა დაახლოებით 10 თეთრი, რამეთუ საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი დაეცა. ამ პროგრამის საშუალებით, ნებისმიერი გლეხი და ფერმერი არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს 22 თეთრს, რაც კრიზისის პირობებში სერიოზული მხარდაჭერაა“, – განაცხადა გახარიამ.