EBRD-მა ნავთობისა და გაზის კორპორაციას 217 მილიონი ევრო გამოუყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის 217 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს. 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება კორპორაციის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

„სესხის ვადა ათ წელს შეადგენს, მაშინ როდესაც ევროობლიგაციები ხუთწლიანი იქნებოდა. ამდენად, „კოვიდ19“-ით გამოწვეული გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წარმატებით გაართვა თავი ევროობლიგაციების რეფინანსირების უზრუნველყოფის პროცესს, რაც დაგვეხმარება უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები“, – განაცხადა გიორგი ბახტაძემ.