N18 მიკროავოტობუსის ხაზის გაუქმებას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა

 N18  მიკროავოტობუსის ხაზის გაუქმებას მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მეთვრამეტე მიკრორაიონის მცხოვრებლები მარშრუტის აღდგენას ითხოვენ.

“ძალიან მოწყვეტილად ვართ, ჩვენს კორპუსთან ჩერდებოდა, ძალიან კარგი მარშრუტი იყო, კომფორტული იყო და კარგი იქნება თუ ისევ აღდგება.”;

“ბაზარში მივდიოდით-მოვდიოდით, როცა ტვირთი გვაქვს, იქიდან როგორ წამოვიღებთ, ახლა ტაქსით მოგვიწევს წამოსვლა, ეს ტაქსიც ძალიან ძვირი ღირს.”- აცხადებენ რუსთაველები TV4-თან. 

როგორც რუსთავის მერიაში განმარტავენ, შიდასაქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტში ცვლილებების საჭიროება მგზავრთნაკადის შემცირების გამო დადგა.

“მოგვმართეს კომპანიებმა, რომლებიც ოპერირებენ ქალაქში ამ სვლა-გეზით, ჩვენს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გაუქმებულიყო ეს ორი მარშრუტი.  გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველად გარკვეული რაოდენობა შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების, ბოლოს დადიოდა თითო M ორი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მძღოლები ექსპლუატაციის ხარჯებსაც ვერ წევდნენ სამარშრუტო ხაზებზე მოძრაობისას , მივიღეთ აღნიშნული მარშრუტების გაუქმების გადაწყვეტილება” – განაცხადა დაჩი გიორგაძემ. 

შეგახსენებთ, საკითხი  რუსთავის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.