პოლიციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს. მას ბრალად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და ქურდობა ედება. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
” გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს ვ.შ.-მ უნებართვოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სარგებლობაში არსებულ, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულ მოქალაქეს მიბმული ჰქონდა „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი. ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან საკუთარ საბანკო პლასტიკურ ბარათზე უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი, რის შემდეგაც ვ.შ.-მ დანაშაულებრივი გზით მითვისებული თანხა გაანაღდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.