დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა, – ამის შესახებ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა, რათა სერვისებისთვის სრული დაფინანსება ჰქონდეს.
მთავრობის მეთაურის ცნობით, საბაზისო მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ, ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებს კი 15 000 ლარის ნაცვლად, 23 000 ლარი აუნაზღაურდებათ.
„მეგობრებო, დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა.
საბაზისო მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრის ბენეფიციარები) და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ.
ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის (0-5 წლამდე ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები და სტუდენტები) 15000 ლარის ნაცვლად, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარი გახდა.
ეს ითვალისწინებს ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიის და სიმსივნის საწინააღმდეგო სამი ჯგუფის და სულ 21 დასახელების ახალი მედიკამენტის სრულად დაფარვას, რომელიც აქამდე პროგრამაში გათვალისწინებული არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან მარტივი მექანიზმით, ისე, რომ პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული დაფინანსება ამ სერვისებისთვის“, – წერს პრემიერ-მინისტრი.