გორის რაიონულმა სასამართლომ გენდერის ნიშნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ სცნო და მას თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში პირმა გენდერის ნიშნით, ყოფილ მეუღლეს, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
“სამართალდამცველებმა ლ.ლ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით) წარედგინა. სასამართლომ ლ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.