დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანხმად, საშემოგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება. შესაბამისად, დღეს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება. დღესვე გაიმართება ბიუროს სხდომაც.
დეპუტატები ბიუროს სხდომის ფორმატში გუშინაც შეიკრიბნენ, სადაც პლანარული სესიის 1-4 სექტემბრის დღის წესრიგი განსაზღვრეს.
საშემოდგომო სესიის პირველ კვირას, პლენარულ სესიის ფარგლებში რამდენიმე საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს არის „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის თანახმად, ახლებურად წესრიგდება შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვასთან, ინდივიდუალურ შრომით ურთიერთობებთან, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან და სამუშაოს შესრულებასთან, შვებულებასთან, შრომის ანაზღაურებასთან, სამუშაო ადგილზე ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გამართვასთან დაკავშირებული საკითხები.
საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში განიხილავს პარლამენტი ასევე, “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას ითვალისწინებს.
კერძოდ, კანონის პროექტით განისაზღვრება საგამოცდო მარშრუტი, სადაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ჩატარდება. გარდა ამისა, კანონის პროექტით „A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, ხდება 18 წელი.
კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიის პირველი კვირის პლენარული სხდომის ფარგლებში განიხილავს, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის” შესახებ კანონში ცვლილებებია.
ცვლილებების თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება მაშინაც, თუ არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი – შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. აპლიკანტს ამ უფლებით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეეძლება.
პარლამენტი საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში, ოთხშაბათის პლენარულ სესიაზე განიხილავს „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებსაც. კანონპროექტის თანახმად, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
დღეს პლენარულ სხდომას, ისევე როგორც ბიუროს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფება.