COVID19-ის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში ვირუსული ინფექცია 1 729-ს ადამიანს დაუდგინდა.  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

მისივე თქმით, 19 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს განეკუთვნება, ოთხი „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია. 

„გუშინ იყო 1684 შემთხვევა, დაგვემატა 45 ახალი შემთხვევა და გახდა 1729. 45-დან სამი არის „დონას“ კლასტერიდან, 19 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ოთხი არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა და აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 12-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, სამზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 45 შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას. 45-ში ხუთი ჯგუფური შემთხვევა გვაქვს. ეს ხუთი ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და სულ განკურნებულთა რაოდენობა 1 321-ს შეადგენს.