კორონავირუსით 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 41-ე პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია.  მათივე ცნობით, პაციენტი საავადმყოფოში 29 სექტემბერს კორონავირუსის დიაგნოზით შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია, ასევე ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა.

„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 6 640-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 3 419 პაციენტი.