მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში ერთ-ერთი ბენეფიციარი – 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, გუშინ თავშესაფარში ორ ბენეფიციარს შორის კონფლიქტი და ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ძირს დაეცა და თავის არეში დაზიანება მიიღო.

ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და დაშავებულს დახმარება აღმოუჩინეს. მოგვიანებით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფრის დირექტორის, ვახტანგ ტეფნაძის განცხადებით, 30 წლის ბენეფიციარისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა ორჯერ გამოიძახეს, თუმცა ის კლინიკაში არ გადაიყვანეს.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადა ორჯერ გამოვიძახეთ, ბენეფიციარს ჰქონდა ეპილეფსიური გულყრა და დილით ტემპერატურა, თუმცა ჩვენი სამედიცინო პერსონალის მოთხოვნის მიუხედავად, მისი კლინიკაში გადაყვანა არ მოხდა.

მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ ის კონფლიქტის დროს დაშავდა კითხვაზე თუ რა მოხდა და რა გახდა ჩვენი ბენეფიციარის გარდაცვალების მიზეზი, მე ვერ გაგცემთ პასუხს, ამაზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გიპასუხოთ“, – აცხადებს თავშესაფრის დირექტორი

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.