მარნეულში მე-5 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
საარჩევნო უბანზე მარნეულის პოლიციის უფროსი რუსლან იოსელიანიც მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოიძახეს და მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სიტუაციაში გაერკვევა. ადგილზე საარჩევნო პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო.
მარნეულის პოლიციის უფროსის, რუსლან იოსელიანის განცხადებით, მე-5 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მათ დამკვირვებელს უფლებას არ აძლევენ, ამომრჩევლის რეგისტრაციას დააკვირდეს. მისივე თქმით, საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ სამართალდამცავები გამოიძახა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ანა ილურიძის განცხადებით, უბანზე ხმაური ჟურნალისტებმა შექმნეს, რადგან უბანში ბევრი ჟურნალისტი მივიდა, რაც კომისიას მუშაობაში ხელს უშლის. ილურიძის თქმითვე, როგორც მისთვისაა ცნობილი, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა პირბადე არ მოიხსნა, რასაც ხმაური მოჰყვა.