ამსტერდამის, ვენის, მილანის, ათენის და კიდევ 5 მიმართულებით ფრენები აღდგება

ავიაკომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან მიუნხენის, პარიზის, რიგის მიმართულებას, ნოემბრიდან, საქართველოს მთავრობა ფრენების სიხშირის გაზრდას სთავაზობს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. 

როგორც თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ მიმართულებებზე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ნოემბრიდან, რეგულარული ფრენები დაიწყონ.

„ ტრადიციული მიმართულებები, როგორიც არის – მიუნხენი, პარიზი, რიგა, აქ ჩვენ შევთავაზეთ კომპანიებს, რომლებიც ამ მიმართულებებს ემსახურებიან, გაზარდონ სიხშირეები. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს – ამსტერდამს, ვენას, ვარშავას, ათენს, ვილნიუსს, დორტმუნდს, კატოვიცეს, მილანს, ამ მიმართულებებით შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, ვინც აქამდეც ასრულებდა რეისებს, დაიწყონ რეგულარული ფრენები.

რაც შეეხება მეტ დეტალს, მაგალითად, რამდენჯერ იფრენენ კვირაში, რა სიხშირით და როდიდან განაახლებენ, ეს დიდად არის დამოკიდებული ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზე. ბევრ ავიაკომპანიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, გაუჭირდათ აქედან გამომდინარე, ისინი თვითონაც თვლიან როდიდან და რა სიხშირით დაიწყებენ ფრენას. ასევე დამოკიდებულია ჩვენს მიდგომებზე, რადგან გადაწყვეტილი გვაქვს ეტაპობრივი გახსნა” – განაცხადა თურნავამ.