წინასაარჩევნო კამპანიის დროს სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა,- ამის შესახებ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFED-მა“ და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასებისას განაცხადა.
ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ძალადობრივი შემთხვევების 20-მე მეტი ფაქტი გამოავლინეს.
მათივე შეფასებით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევები. ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის როგორც ხელის შეშლასა და მუქარას, ასევე ფიზიკურ ძალადობას.
„წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას წინ უძღვოდა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი იზოლირების სახელმწიფო პოლიტიკა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკი. პანდემიასთან ბრძოლის ეგიდით ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მასშტაბური სოციალური დახმარების პროექტები განახორციელეს, რა დროსაც, სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარი მკაფიო არ იყო და ამ ფონზე, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი უპირატესობით ჩაერთო.
ხშირ შემთხვევებში, ოპოზიციური პარტიები რეგიონებში ზეწოლის ფაქტებზე მიუთითებდნენ, რის გამოც, მათ რიგებს აქტივისტები ტოვებდნენ. პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი პანდემიის საფრთხის გათვალისწინებით, თავს იკავებდა ტრადიციული ფართომასშტაბიანი კამპანიური ღონისძიებებისგან, ნაწილი კი ამაზე უარს არ ამბობდა, რამაც თავის მხრივ, უთანასწორო გარემო შექმნა.
წინასაარჩევნო კამპანია მაღალი პოლარიზებისა და პარტიების/კანდიდატების ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართებოდა, რასაც ხელს უწყობდა პოლარიზებული მედია-გარემო და სოციალურ მედიაში მიმდინარე მზარდი ანონიმური დისკრედიტაციის დასპონსორებული საინფორმაციო კამპანიები,“- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.