გაბუნია : თუ ვაქცინაცია ნოემბერში ჩატარდება, აქტიური სეზონი მშვიდი იქნება

 ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაში კერძო სექტორიც ჩართულია და ამ თვალსაზრისით გარკვეული მექანიზმი უკვე შემუშავებულია. ამის შესახებ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაცით, თუ ნოემბერში ჩატარდება ვაქცინაცია, ესეც სრულიად შესაფერისი იქნება იმისთვის, რომ აქტიური სეზონი-დეკემბერი, იანვარი, თებერვალი მშვიდად გავიაროთ

„კარგია, რომ კერძო სექტორი ჩართულია ამ პროცესში და ვაქცინების გარკვეულ ნაწილს ისიც შემოიტანს. გარკვეულწილად მექანიზმი აქაც უკვე განსაზღვრული და დაგეგმილია.

სამწუხაროდ, პრაქტიკულად, არ ხდება ისეთი რამ, რომ სახელმწიფოს პირდაპირი ბერკეტი ჰქონდეს, გლობალური მოწოდების ჯაჭვში ჩაერიოს, რათა ან კერძო და ან სახელმწიფო მიმწოდებელმა ვაქცინა იმაზე ადრე მიიღოს, ვიდრე ეს ხელშეკრულების პირობით არის გათვალისწინებული. ველოდებით ამბავს, რომ თუ ქვეყნებში გარკვეული მარაგი გამოთავისუფლდება, სახელმწიფომ თავად შემოიტანოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია ვაქცინაციის გაკეთება და ნოემბერში მისი ჩატარება დაგვიანებული არ იქნება.