გარდაბანში მსხვილფეხა პირუტყვის მოპარვა სცადეს

გარდაბანში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობის მცდელობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. ორი მათგანი წარსულში ნასამართლევია. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გარდაბანში, საძოვრიდან, ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოპარვა სცადეს, რომელთა ტრანსპორტირებასაც ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილით აპირებდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.