გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, სამ საბავშვო ბაღსა და ერთ სკოლაში სწავლა შეწყვეტილია. ამის შესახებ TV4-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს, ჯამში 19 პირს დაუდასტურდა, რის გამოც სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
რაც შეეხება ბაღებს, გაერთიანების სამ ფილიალში, პედაგოგები და აღმზრდელები, უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან და სწორედ ამიტომ, აღნიშუნულ ბაღებში სწავლა შეჩერდა.
“დადასტურებულ შემთხვევებს კონტაქტები ჰქონდათ ბაგა-ბაღში, ამიტომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბაღებში შეწყვეტილია. ინფიცირებულების ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია“, – განაცხადეს მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურში.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 52 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 11 გამოჯანმრთელდა.