განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, რომელსაც მან ხელი 30 სექტემბერს მოაწერა, ოთხ დიდ ქალაქში, მათ შორის რუსთავში VII-XII კლასელებისთვის 2020 წლის 29 დეკემბრამდე სწავლა სრულად დისტანციურად გაგრძელდება.
შესაბამისი ბრძანება სამინისტრომ სკოლების დირექტორებს გადაუგზავნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 1-ლი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით ჰიბრიდული მოდელი უნდა გამოიყენონ — I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბრძანებაში, როგორც სამართლებრივ დოკუმენტში, ვადა პირობითადაა მითითებული და როგორც კი ახალ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცვლილება დოკუმენტშიც შევა.
“ეს არ ნიშნავს, რომ სწავლა გადადებულია. სამართლებრივად რაღაც ვადა უნდა ყოფილიყო მითითებული. როგორც კი იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შეიცვლება ვადაც”, – აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის გარდა I-VI კლასელებისთვის სკოლებში სწავლა პირველ ოქტომბერს განახლდა. მაღალი კლასის მოსწავლეები კი ამ ეტაპზე დისტანციურად სწავლას აგრძელებენ.