ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე რეალურად ამის საჭიროება არსებობს,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კოვიდ 19-თან საბრძოლველად ქვეყანაში 44 კლინიკაა მობილიზებული 3700-მდე საწოლით. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, მათ აქვთ დამატებითი დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან პროცესში და ქვენის მასშტაბით 17 400 საწოლი არსებობს.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანას 500 -მდე ინფექციონისტი და 1400-მდე რეანიმატოლოგი ჰყავს.
„კოვიდ 19-თან საბრძოლველად ქვეყანაში მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება. ამ დაწესებულებებში მობილიზებულია 3700-მდე საწოლი. საწოლების და კლინიკების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით არის შემდეგი:
- თბილისში მობილიზებულია 18 კლინიკა, საწოლების რაოდენობა არის 1987
- აჭარაში – 11 კლინიკა , საწოლების რაოდენობა
- 731, იმერეთში 10 კლინიკა 644 საწოლით
- სამეგრელო-ზემო სვანეთში 2 კლინიკა 190 საწოლით
- შიდა ქართლში ერთი კლინიკა 164 საწოლით
- მცხეთა-თიანეთში ერთი კლინიკა 111 საწოლით
- გურიაში ერთი კლინიკა 21 საწოლით.
გარდა ამისა, ქვეყანაში მობილიზებულია სასუნთქი აპარატები, 2453 აპარატი აქვს ქვეყანას და რაც მთავარია მედპერსონალი, რომელიც არის გადამზადებული. ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 3900-ზე მეტი ექიმი და 2300-ზე მეტი მედდა და სანიტარი.
ტრენინგი ჩაუტარდა 2044 -ზე მეტ პირველად ჯანდაცვის დაწესებულებას. კოვიდ დადასტურებული პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 კოვიდ სასტუმრო, სადაც დღეისათვის 1200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება”, განაცხადა ეკატერინე ადამიამ.