გამყრელიძე : თუ ინფექციის კერა დაფიქსირდება სკოლაში, პანიკას არ უნა მივეცეთ

უნდა ვეცადოთ, რომ სწავლის პროცესი არ გახდეს დიდი სტიმული ინფექციის გავრცელებისთვის,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სკოლებში, დაწყებით კლასებში სწავლის პროცესის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მშობლებს მოუწოდა არ გაუშვან სიცხიანი ბავშვები სკოლაში და იმოქმედონ ოჯახის ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. 

„სწორედ პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეებს უჭირთ დისტანციური სწავლა, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ვთხოვ ყველა მშობელს, რომ არ გაუშვან სიცხიანი ბავშვი სკოლაში. თუ სიცხიანი იქნება ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის და ოჯახის ექიმის კონსულტაცია. თუ ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რა თქმა უნდა, ეს ბავშვი გამოიკვლევა კოვიდზე. 

აუცილებელია ყველა სკოლაში იყოს და დარწმუნებული ვარ, იქნება თერმოსკრინინგი, ასევე ის რეგულაციები დაცული, რაც ჩვენ ერთობლივად განათლების სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიმუშავა, თვითონ პედაგოგები და სკოლის ხელმძღვანელები იქნებიან მოტივირებული და მაქსიმალური ყურადღებით, რომ არ დავუშვათ სკოლებში ინფექციის გავრცელება.

თუ სადმე ინფექციის კერა დაგვიფიქსირდება სკოლაში, ამის გამო პანიკას არ უნა მივეცეთ და ვიმოქმედოთ ექიმების და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიხედვით.” – განაცხადა ამირამ გამყრელიძაემ.

ცნობისთვის, დღეს სკოლებში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით კლასებში სწავლების პროცესი განახლდა.