კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა.

„ოთხი გარდაცვლილია, მათ შორის არის ორი აჭარაში, 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალბატონი, თანმხლები დაავადებებით, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ერთი გახლავთ 88 წლის ქალბატონი, თერჯოლაში გარდაიცვალა, ერთი თბილისში, 83 წლის. როგორც ვიცი „ამტელში“ საუნივერსიტეტო კლინიკიდან იყო გადაყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამასთან, კლინიკა „თერჯოლამედის“ დორექტორის დავით სარიშვილის განცხადებით, 88 წლის ქალი კლინიკაში გუშინ ბათუმიდან შეიყვანეს.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტს რამდენიმე თანმდევი დაავადება აღენიშნებოდა. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი მკურნალობს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდგინდა,  348 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 9 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 5 235 პაციენტი, გარდაიცვალა 62 პაციენტი.