საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისს, 226 კი აჭარას უკავშირდება.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„მოიმატა თბილისში, დღეისთვის არის 397 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აჭარაში ცოტა შემცირდა და არის 226, იმერეთში მოიმატა და არის 232, სამეგრელო-ზემო სვანეთი თითქმის სტაბილურია – 27, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 15, კახეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 8, გურია – 6 შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 214 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1388 -ს შეადგენს.