მესტიაში ტყე იწვის

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ცეცხლს ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ.

უწყების ცნობით, რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

“ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია”, – აცხადებენ უწყებაში.