საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, მოსალოდნელი არაა, რომ ბანკებმა მსესხებლებს სესხების დაფარვის საყოველთაო გადავადება მესამედაც შესთავაზონ.
კითხვაზე, განიხილება თუ არა ბანკების მხრიდან მოქალაქეებისთვის სესხების დაფარვის საშეღავათო პერიოდის კიდევ ერთხელ შეთავაზება, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ “ასეთი ტიპის მესამე გადავადების ტალღა არ მოხდება”. თუმცა, მისივე თქმით, საბანკო სექტორი მზადაა იმისთვის, რომ მსესხებლებს ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე შესთავაზონ საშეღავათო პერიოდი.
„პირველი ორი გადავადება, 3-3 თვით იყო საყოველთაო ტიპის. ამ პერიოდში ბანკებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა გაეანალიზებინათ, ვინ შეძლებდა სესხის დაფარვის და ვინ ვერა, ამიტომ გადავადება მთლიან პორტფელზე გაავრცელეს.
პირველად გადავადების შეთავაზება მსესხებლების ნახევარმა გამოიყენა, ხოლო მეორედ შეთავაზებისას შემცირდა იმ მსესხებლების რაოდენობა, ვინც ისარგებლა. ასეთი ტიპის მესამე გადავადების ტალღა არ მოხდება, ამის მოლოდინი არ გვაქვს, რომ საყოველთაო ტიპის გადავადება იქნება.
თუმცა, საბანკო სექტორის მხრიდან დახმარების მზაობა არის, ისინი ინდივიდუალურად ემუშავებიან კლიენტებს და ინდივიდუალურად წყვეტენ, ვის გაუკეთონ საშეღავათო პერიოდი. საყოველთაო ტიპის გადავადება ამ ეტაპზე განხილვის პროცესში არაა“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.