“ნაციონალურმა მოძრაობამ” მარნეულში, მმართველი გუნდის მხრიდან ძალადობის ფაქტები აქციით გააპროტესტა. ოპოზიციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მარნეულში მომხდარ თავდასხმაზე, დღეს დაკავებულ პირებთან დაკავშირებით საუბრობენ.
როგორც ოპოზიცია ამბობს, რომ ჩხუბში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ მარნეულის საკრებულოს ხელმძღვანელი ამირან გიორგაძე და “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი შერმადინ ბოჭოიძე.
ენმ-ს წევრების თქმით, სწორედ ამირან გიორგაძე იყო თავდასხმის ორგანიზატორი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისიც უნდა დააკავოს.
“ეს იყო სპეციალურად დადგმული სადამსჯელო აქცია – დასაშინებელი მარნეულის რეგიონის ამომრჩევლებისადმი. ხელისუფლებამ უკუშედეგი მიიღო. ვერავის დააშინებენ, არ გამოუვათ არც მოსყიდვა, არც დაშინება, არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არც ძალადობა”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მარნეულში მომხდარ თავდასხმაზე მარნეულის მერიის თანამშრომელი და ოცნების აქტივისტი დააკავა. გამოძიება დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.
სექტემბრის თვის ბოლოს მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
მათ შორის, ყველაზე მასშტაბური 29 სექტემბერს. “ქართული ოცნების” ოფისთან თავს დაესხნენ მედიის წარმოამდგენლებს. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მოძრაობა 2020-ის აქტივისტებს.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.
ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.