“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მარდალეიშვილის კლინიკას ესტუმრა.
მე-12 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კლინიკის მენეჯმენტთან ერთად, გაეცნო მაღალკვალიფიციურ სერვისებსა და კლინიკაში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს.
ვიზიტის ფარგლებში, ლაცაბიძე მედპერსონალს შეხვდა და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო იმ მუნიციპალურ პრობლემებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფას ეხება.
“საავადმყოფო, რომელიც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ეკუთვნოდა, 2018 წელს კერძო საკუთრებაში გადავიდა და მასში 11 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამჟამად მიმდინარეობს კლინიკის აღჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელისგან შევიტყეთ, რეგიონის მასშტაბით, მხოლოდ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს მორფოლოგიური ლაბორატორია, ღეროვანი უჯრედების ბანკი და გენეტიკური კვლევის ლაბორატორია.
მოხარული ვარ, რომ განახლებული საავადმყოფოს სერვისებით ისარგებლებს, როგორც რუსთავის, ისე ახლომდებარე დასახლებების მოსახლეობა.”-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
სამედიცინო დაწესებულება ნოემბრის თვეში უნდა გაიხსნას.