ვიდრე ადამიანებს თვითონ, ოჯახში არ მოუკვდებათ ვინმე, არ უნდა მიხვდნენ, რომ წესები უნდა დაიცვან? – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსს მოსახლეობის უმრავლესობა უპრობლემოდ გადაიტანს, თუმცა დაავადება „მოწყვლად ჯგუფებს ამოარჩევს“.
„მეტი რა ვთქვა. ის, რაც გვერდზე ქვეყნებში ან შორს ხდებოდა, ამის მაგალითები ხომ იყო, ხომ ვიცით, რომ ეს დაავადება ასეთია. კი, ბატონო, 85% ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაიტანს, მაგრამ ამოარჩევს ვიღაც მოწყვლადს ჩვენს შორის და იმას მოკლავს, აუცილებლად მეზობელს ან ოჯახის წევრს უნდა მოუვიდეს, რომ გავიგოთ? რთულია სხვის მაგალითზე ისწავლო? აუცილებლად საკუთარ მაგალითზე უნდა ისწავლო?“,- განაცხადა იმნაძემ.
ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად მოწოდებებისა, რომ ადამიანებმა წესები დაიცვან, საჭირო ხდება ქვეყანაში ლოკალური შეზღუდვების დაწესება.
ავადმყოფი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ განსაკუთრებით დავიცვათ ასაკოვნები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომ მათამდე არ მივუშვათ კორონავირუსი.