რა მიზნით შეძლებს პირამიდის გამოყენებას მოსარგებლე?

 რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს, კოსტავას გამზირზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირამიდას შენობის, ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვას.

 დადგინდა, რომ მომავალმა მოსარგებლემ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში, 1 400 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მოიჯარე ვალდებული იქნება უძრავი ქონება მხოლოდ შემეცნებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობი მიმართულებით გამოიყენოს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ საგანი უსასყიდლოდ ისევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა განსაზღვრეს სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“-სთვის ქალაქ რუსთავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის საფასური.

როგორც მომხსენებელმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა, ნინო სოსელიამ განაცხადა, კომპანია “სილქნეტს“ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძების ხუთწლიანი ვადით გამოყენებისთვის განესაზღვრა, ყოველწლიური საფასური.

დეპუტატებმა დღის წესირგით გათვალისწინებულ 12 საკითხს უყარეს კენჭი და ყველა მათგანი დადებითად გადაწყვიტეს.